#2: ჩვევები, ჩვევები everywhere…

day2   ჩვენი ყოველდღიურობის დიდ ნაწილს ჩვევები შეადგენს. ბევრი თქვენგანი შეიძლება ამაზე არც არასოდეს დაფიქრებულა, მაგრამ ეს ასეა და ამ პოსტში სწორედ იმას ვეცდები, რომ ამაზე დაგაფიქროთ…

   დღეს, გუშინდელივით მაღვიძარას საშუალებით “უბედურების” ზარმა ისევ რვაზე ჩამოჰკრა, ხოლო ჩემი თავი, ისევ მხოლოდ შუადღის შემდეგ დაშორდა საყვარელ ბალიშს. არა, ეს სიზარმაცე არ არის… ეს არის ჩვევა! უფრო კონკრეტულად კი – მავნე ჩვევა. რთულია, როცა მხოლოდ თორმეტის შემდეგ დგები, ის დღე ნაყოფიერად აქციო და ჩემს შემთხვევაშიც მოვლენები შესაბამისად განვითარდა.

   ჩვევები შეიძლება ორად დავყოთ: მავნედ და სასარგებლოდ და ჩემი დაკვირვებით მათ თავისი კატეგორიიდან ახალი ჩვევების წარმოშობის თვისება გააჩნიათ. მაგალითად, დღეს, ჩემს შემთხვევაში, გვიან გაღვიძების კარგა ხნის გამჯდარმა ჩვევამ გამოიწვია ახალი დღის უხასიათო განწყობით შეგებება. რას აკეთებს უხასიათოდ მყოფი ადამიანი? რა თქმა უნდა, არაფერ კარგსა თუ სასარგებლოს. საუზმის შემდეგ უსაქმურობის სურვილით შეპყრობილი ნეტში მცირეხნიანი სერფინგისას სრულიად “შემთხვევით” აღმოვჩნდი პორნოგრაფიულ შინაარსი ვებ-გვერდზე და რაც შემდეგ მოხდა არავის გააოცებს, განსაკუთრებით კი ხელმარჯვე თინეიჯერებს. არვიცი თქვენთვის რამდენად ცნობილია, მაგრამ გამრავლების ხელოვნური სიმულაციის შემდგომ სალფეთქზე დანთხეული თუ უნიტაზში ჩარეცხილ და კანალიზაციის მილებს გაყოლილი უფერული სითხის სახით, მამრობითი სქესის არც თუ ისე თვალსაჩინო წარმომადგენელი კარგავს უდიდესი რაოდენობის ენერგიას და ამის შემდგომ არაფრის კეთების სურვილი კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს აღწევს. შეიძლება პირდაპირ ვაღიაროთ, რომ ის დღე ღირებულების ამბავში ფაქტობრივად დაკარგულია! ეს იყო მავნე ჩვევების, პატარა ჯაჭვის მაგალითი, რომლის შეჩერებისთვის აუცილებელ ნებისყოფას ამავე ჯაჭვის ერთი ან რამდენიმე თვისება ისრუტავს და სწორედ ამიტომ ხდება მის განვითარებასთან ერთად მისი გაჩერება უფრო მეტად და მეტად რთული.

  მავნე ჩვევების კიდევ ერთი თვისება მათი მეპატრონის ტყუილთან დამეგობრებაა.  განსაკუთრებით, საკუთარი თავის მოტყუებასთან ღრმა კავშირებისა და ფესვების გადგმა იმ დონეზე რომ ხშირად ამ ტყუილს თავად მისი ავტორიც კი იჯერებს. გუშინ მეგობართან ერთად ქალაქში ბოდიალისას, ჩემმა თანამგზავრმა სიგარეტი ახსენა და დამპირდა რომ მაგარ რაღაცას მასწავლიდა. თავიდანვე გეტყვით რომ დიდი მწეველები არცერთი ვართ, თუმცა დროდადრო ჩვენც ვაბოლებთ. მომენტში უსაქმურად ყოფნა და ჯიბეში “შემთხვევით” აღმოჩენილი წითელი მალბორო თავისას შვება. მან ამოიღო სიგარეტი და ხელის მარტივი მოძრაობით 3-4 ნაფასის სიგრძეზე გადატეხა და გაუკიდა. ასე უფრო ნაკლებს ვეწევიო. ამ ხერხით აღფრთოვანებულმა აღვნიშნე რომ კარგი აზრია და მის მსგავსად მეც გავუკიდე. საბოლოოდ იმ დღეს 6 თუ 7 გადატეხილი ღერით გავიჭვარტლე ფილტვები და როგორც ყოველთვის დღის ბოლოს მენტალურ თვითგვემას მივეცი, ხოლო მეორე დილას, ანუ დღეს ყელში მცირე ტკივილიც კი ვიგრძენი რასაც რამდენიმე არც თუ ისე ჯანმრთელი ჩახველებაც მოჰყვა. მოწევისას ორივე ჩვენგანი საკუთარი თავის მოტყუების რეჟიმში ვიმყოფებოდით. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ გამოთქმულ იდეაში “ასე ნაკლებად მავნებელია”, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ სიტყვას “ნაკლებად“, როცა ამ იდეის მთავარი აზრი დევს “მავნებელია“-ში.

   საბედნიეროდ, მავნე ჩვევებთან ერთად, არსებობს სასარგებლო ჩვევებიც და არსებობენ ისეთებიც, რომლებზეც დარწმუნებული ვარ, რომ ვერასოდეს გაიფიქრებდით, თუმცა მცირე გააზრების შემდგომ მიხვდებით, რომ ეს მართლაც ასეა. ამის ნათელი მაგალითია სიგარეტის არ მოწევა. დიახ, თუ გემრიელი სადილის ან კარგი სექსის შემდეგ სიგარეტის მოწევა ჩვევაა, მაშინ იმავე სიტუაციებში არ მოწევაც ჩვევაა იმ განსხავებით, რომ პირველი მავნებელია, ხოლო მეორე – არა. წარმატებული ადამიანი კი სწორედ ამ ორი სახის ჩვევების ბალანსით განსხვავდება წარუმატებელისგან. მისი ცხოვრებისეული სტრატეგიის ნაწილია სასარგებლო ჩვევების შეძენა და მავნე ჩვევებზე უარის თქმა. ფსიქოლოგიაში არსებობს მოსაზრება, რომ ახალი ჩვევის შეძენას და როგორც ზემოთ გავარკვიეთ, ძველის გადაჩვევას დაახლოებით 21 დღე სჭირდება.

   უმრავლესი ჩვენგანისთვის ტყუილთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება მისი აღიარება და საკუთარ სიტყვაზე პასუხისმგებლობის აღებაა. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტე  მავნე ჩვევებთან ბრძოლის დაწყება და შენც მოგიწოდებ ამისკენ. იდეა მარტივია: ვიღებთ ფურცელსა და კალამს ან კლავიატურასა და მაუსს და ვადგენთ იმ მავნე ჩვევების სიას, რომლისგანაც გვსურს რომ გავთავისუფლდეთ და შემდგომი 21 დღის განმავლობაში, ყოველი დღის ბოლოს საკუთარ თავს ვაბარებთ წერილობით ანგარიშს შევასრულეთ თუ არა პირობა – “კი” ან “არა”. ვინაიდან რომი ერთ დღეში არ აშენებულა და მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და სტრატეგია “ყველაფერი ერთბაშად” ჩემი გამოცდილებით ყოველთვის წამგებიანია, ამიტომ პირველ ეტაპზე ჩემი სია, არც თუ ისე შთამბეჭდავი იქნება, თუმცა ნებისყოფის გამტკიცებასთან და საკუთარ თავზე გამარჯვებებთან ერთად ის დროდადრო აუცილებლად გაფართოვდება. ამ ეტაპზე კი ის ასე გამოიყურება:

  1. არანაირი სიგარეტი
  2. არანაირი ალკოჰოლი
  3. არანაირი პორნოგრაფია
  4. არანაირი გაზირებული სასმელი
  5. არანაირი სწრაფი კვება.

ასე, რომ შემდგომი 21 დღის განმავლობაში, ამ ბლოგზე ღიად ვაწარმოებ ანგარიშგებას საკუთარი თავისა და თქვენს წინაშე, ჩემო მკითხველო. წარმატებები მე და წარმატებები თქვენ! ერთად შევიცვალოთ უკეთესობისკენ!

This entry was posted in საკუთარი თავის ძიებაში. Bookmark the permalink.

2 Responses to #2: ჩვევები, ჩვევები everywhere…

  1. Red bull ამბობს:

    წარმატებები, აზრიანად და სწორედ წერ ყველაფერს. მეც შემოგიერთდები ამ კარგ წამოწყებაში.

  2. mariami ამბობს:

    მჯერა, შესძლებ !

დატოვე კომენტარი